რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) "როცა ქართველ კაცს სწამს ღმერთის, ის დავით აღმაშენებლამდე მიდის, როცა ქართველი კაცი ივიწყებს ღმერთს, ის სერგო ორჯონიკიძემდე ჩამოეთრევა და ორივეში დიდი ძალა გვაქვს", - ამის შესახებ განცხადებას გურამ პეტრიაშვილი აკეთებს.

"ახლა უფრო მეორის პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება: ერთი მხრივ, ქართველი კაცი იქექება ნაგვის ურნაში, მეორე მხრივ კი თავზე წამოსკუპული ბობოლები ენით აუწერელ ტკბობაში არიან. სჯერათ, რაც უნდა ჩაიდინონ, მათ ქონებასა და სავარძელს ვერაფერი შეეხება. ასეც არის. მათ არა მხოლოდ შენობები, არამედ მიწა, ხეობები, წყლები ჩაიგდეს ხელში.

გამსახურდიას დამხობაც სწორედ ქონების მიტაცების გამო მოხდა. ხალხმა მშვენივრად იცის, რომ არც ზვიადსა და არც მის მთავრობას ქვეყნისთვის არაფერი წაუგლეჯიათ. ერთხელ დათო ტურაშვილმაც თქვა, ზვიადის მთავრობა დღესაც იმ პიჯაკებით დადის, მაშინ რომ ეცვათო", - ამბობს პატრიაშვილი "კვირის პალიტრასთან".

მისი თქმით, მაშინ როდესაც ხალხი მშიერია, ხელისუფლებას ხელფასები აღარ ჰყოფნის და "საკუთარი ხელით მრავალათასიან პრემიებს იწერენ".

"მათ მადას აღარაფერი ჰყოფნის - შარშან რომ მავანმა ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე დაისვენა, წელს უკვე ნიცა უნდა, გაისად სხვა ეგზოტიკურ ქვეყანაში გადაინაცვლებს. ამისთვის მრავალათასიანი ხელფასი აღარ ჰყოფნით და საკუთარი ხელით მრავალათასიან პრემიებს იწერენ. ეს მაშინ, როცა ხალხს შია!

ხანდახან მიფიქრია - მე რომ კანონმდებელი ვიყო, ხელისუფალს ციხეში კი არ ჩავსვამდი, არამედ ყოველი დილის 5 საათიდან ქუჩაში ჩამოვატარებდი და "დავათვალიერებინებდი", როგორ იქექება ნაგვის ბუნკერებში უამრავი ადამიანი. დილის 5 საათზე იმიტომ, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ნაგვის მანქანა ჩამოვლილი და მას ასწრებენ, რომ რაიმე ამოიღონ. მაშინ როგორმე იქნებ სინდისი გაეღვიძოთ, თორემ სიხარბემ გადაჭამა ქვეყანა", - დასძენს პეტრიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×