რეზონანსი
26.01.2019

 (რეზონანსი) "ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი „ნაღმის" დადებას", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციაში აკეთებენ, რითაც გუშინ "რუსთავი 2"- ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმურნენ, სადაც ასახულია ტელევიზიის ჟურნალისტის დავით ერაძის სახლზე თავდასხმა.

„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში. ამავდროულად, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.

ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი „ნაღმის" დადებას. მათი მიზანია, დაძაბულობის მუხტი უფრო და უფრო გაიზარდოს და ნაბიჯ-ნაბიჯ, საჭიდაო სამყაროში მოტრიალე ხალხიც შეიყვანონ შეცდომაში. გუშინ, 25 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ არხის სპორტული კორესპონდენტის, დავით ერაძის საცხოვრებელი სახლის აივნის კარზე ნატყვიარს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ ეს შემთხვევა შეიძლება უკავშირდებოდეს დავით ერაძის მიერ ერთი კვირის წინ მოჭიდავეების სკანდალზე მომზადებულ რეპორტაჟს. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი პირდაპირ ახსენა 5 ათასი ლარის გირაოთი წახალისებული მოძალადეები, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებას ახდენენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენ. მოვუწოდებთ მას-მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ინფორმაციების გავრცელებისგან, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და ნუ შეეცდებიან, ქართული ჭიდაობის სამყაროში დღეს არსებული დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბონ", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×