ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე პირველ განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, განცხადებაში ასევე საუბარია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტ დავით ერაძის სახლში აღმოჩენილ ტყვიის გულასთან დაკავშირებით, რასაც არხის ხელმძღვანელობა ჟურნალისტის დაშინებას უკავშირებს, რადგან სწორედ დავით ერაძემ მოამზად რეპორტაჟი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე.
“ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" ჩემსა და ფედერაციის მიმართ კიდევ ერთხელ გაავრცელა ცილის წამებლური და ღირსების შემლახავი ინფორმაცია თითქოს ჟურნალისტი დავით ერაძის სახლზე რაღაც ტიპის თავდასხმის უკან მოვიაზრები მე ან რომელიმე ჩემი თანაგუნდელი.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის მორიგი სიბინძურე, ჩემი და ფედერაციის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. კატეგორიულად მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს სასწრაფოდ დადგინდეს მართლა ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი ჟურნალისტ დავით ერაძის მიმართ, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან, რა მიზნები ამოძრავებდათ მათ, ხომ არ არის ეს შეგნებულად გაკეთებული იმისათვის რომ მთელი ეს ღირსების შემლახავი კამპანია კიდევ ერთხელ მიემართათ ჩემი და ფედერაციის წინააღმდეგ.
აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა ჟურნალისტ დავით ერაძის მიმართ რომელიც სპორტულ ჟურნალისტიკაში მართლაც რომ გამორჩეული ჟურნალისტია და ეჭვი მაქვს რომ გარკვეული ძალები ცდილობენ მის ჩათრევას ამ ბინძურ პროვოკაციაში" – ნათქვამია გეგა გეგეშიძის განცხადებაში.
(მარშალპრესი)