რეზონანსი
25.01.2019

 დნმ, იგივე დეზოქსირობნუკლეინის მჟავა, რთული ბუნებრივი ნაერთია. იგი მრავალი ნუკლეოტიდის ჯაჭვისგან შემდგარი, ოდნავ დახვეული ორმაგი სპირალია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ის თითოეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემაში. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ და ზოგადად გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი ორგანიზმის შესახებ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რა ინფორმაციის მატარებელია ჩვენი გენეტიკური კოდი, რათა სამომავლოდ ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ასევე შთამომავლობის ჯანმრთელობაზე.

დნმ-ის გენეტიკური ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სარწმუნო სადიაგნოსტიკო მეთოდია. დნმ-ის კვლევის ყველაზე გავრცელებული მეთოდი პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციაა (პჯრ), რომელიც აშშ-ში 1983 წელს შეიმუშავეს. ეს მეთოდი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ საკვლევი მასალის ძალიან მცირე ოდენობის შემთხვევაშიც კი, მისი მილიონჯერ გამრავლებით, სრულყოფილი კვლევის ჩატარება შეიძლება. ანალიზისთვის საჭირო მასალის აღება ადამიანის, პრაქტიკულად, ყველა ნაწილიდან არის შესაძლებელი. ძირითადად, მასალას სისხლიდან და კუნთოვანი მასიდან იღებენ, თუმცა დნმ-ის მასალის წყარო შესაძლოა სპერმა, ნერწყვი, თმის ძირები და კანის უჯრედიც კი იყოს.

სტატისტიკურად, ყველა ადამიანი ამა თუ იმ გენეტიკური დაავადების მატარებელია. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანმა არც კი იცოდეს რა დაავადების გადაცემა შეუძლია შთამომავლობისთვის. გარდა დაავადებების ან პათოლოგიების გამოვლენისა, დნმ-ის ანალიზი სხვა მრავალ ინფორმაციას გვაწვდის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

1. დაავადების რისკების აღმოჩენა:  დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია გავარკვიოთ სამომავლოდ რა დაავადებების განვითარების საფრთხე გველის. ამგვარი ტესტით დგინდება გვაქვს თუ არა რაიმე შთამომავლობით გადმოცემული დაავადება, მაგალითად, ალცჰეიმერი, შიზოფრენია, მკერდის კიბო, დიაბეტი და ა.შ.

2. გენეტიკური შეუთავსებლობა წყვილებში: არსებობს შემთხვევები, როდესაც წყვილს შვილი არ უჩნდება, ამ დროს კი ორივე მათგანი სრულიად ჯანმრთელია. ასეთ შემთხვევაში საქმეში გენეტიკური ანალიზი ერთვება, რისი მეშვეობითაც ირკვევა, ორი ადამიანი ერთმანეთთან გენეტიკურად​ შეთავსებადია თუ არა. გენეტიკური შეუთავსებლობა გავლენას ახდენს ნაყოფის ჯანმრთელობაზეც და მას სხვადასხვა პათოლოგია უვითარდება. ნაყოფის ჯანმრთელობა ვახსენეთ და აქვე უნდა ითქვას, რომ ნაყოფის გენეტიკური კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მალე ვლინდება პათოლოგია, მით მეტი შანსია მასთან საბრძოლველად.

3. ნათესაური კავშირის დადგენა: დნმ-ის ანალიზის ერთ-ერთი „სუპერძალა“ ნათესაური კავშირის დადგენაა. ამ ტიპის ტესტით ორი ადამიანის გენეტიკური კავშირი დგინდება. ყველაზე ხშირად ტესტს მამობის დასადგენად იყენებენ.

გენეტიკური მასალის ანალიზი რთული და მაღალტექნოლოგიური კვლევაა, შესაბამისად, ფასი სხვა დიაგნოსტიკურ კვლევებთან შედარებით, მაღალია, თუმცა მისი უპირატესობისა და ღირსებების გათვალისწინებით, ნამდვილად ღირს ამ ფასის გადახდა. გენეტიკური კვლევები საქართველოშიც შესაძლებელია და ფასი, საშუალოდ, 250 ლარია.

(კვირა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×