(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ცხრა პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, უწყებამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.
მისივე თქმით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
„დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ბორცვაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის" მესენჯერში შექმნეს ჯგუფები - drug-shop-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა „მატანგაზე" - ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია.
მისივე თქმით, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
ბორცვაძის განცხადებით, შსს-მ ფონიჭალის დასახლებაში, სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა.
„სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი" და ოთხი შეკვრა „მდმა" ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადა ბორცვაძემ.