რეზონანსი
24.01.2019

 ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი აცხადებს, რომ ბიუსტი, რომელიც 20 იანვარს ჯავახეთის რაიონის სოფელ ბუგაშენში გაიხსნა, 1994 წლიდან არსებობს და ის მოსახლეობის სურვილით, მათივე ხარჯებით განახლდა.

ბიუსტი მიხეილ ავაგიანისაა, რომელიც ყარაბაღის ომში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ იბრძოდა. მერის თქმით, ავაგიანი სამცხე-ჯავახეთის სოფელ ბუგაშენში დაიბადა და მოსახლეობამ ძეგლის განახლების გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო.

„ბიუსტი 1994 წლიდან არსებობს, ახალი არ არის. ბიუსტი მოსახლეობამ განაახლა. მუნიციპალიტეტის გაკეთებეული არ არის, არც ფულია დახარჯული, მოსახლეობამ დახარჯა.

„ეს ბიჭი ამ სოფელში იყო დაბადებული და მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ პატარა ბიუსტი დაედგა და ცენტრი გაელამაზებინა", - განაცხადა იურიკ უნანიანიმ „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციაა, რომ მიხეილ ავაგიანი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მისი თქმით, ავაგიანი აფხაზეთში ნამყოფი საერთოდ არაა.

„ეგ სრულიად ტყულია. სკოლა რომ დაამთავრა, წავიდა სომხეთში. აფხაზეთში არც ყოფილა, არც მიუღია მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ეს ალბათ სპეციალურად გაავრცელეს, რომ მტკივნეული იყოს ჩვენთვის, მე ასე ვფიქრობ," - აღნიშნა ახალქალაქის მერმა.

განახლებული ბიუსტი 20 იანვარს გაიხსნა და ცერემონიას სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართვეკლოს პარლამენტის წევრები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირა ირიციანი დაესწრნენ.

ავაგიანი 90-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ხოჯალის ცნობილ მოვლენებში. იგი გორადიზის ხიდისთვის ბრძოლაში დაჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

 

მარიამ ხვედელიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×