საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თუმცა გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია, როსტომ მეფის სასახლეში მივიდა. ბესელიამ უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად სტრასბურგში ვიზიტი შეწყვიტა.
კითხვას - გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, ბესელია არასერიოზულს უწოდებს. ამბობს, რომ მის გონებაში ამ საკითხზე ფიქრის ადგილი არ არის და არც თავად საკითხია მნიშვნელოვანი.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის ხოლმე თქვენგან. ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა“, - აცხადებს ბესელია.