სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება. უკვე “კარგად დავიწყებული” რეცეპტებით ძეხვეულის წარმოებას კომპანია Native Georgian იწყებს.
პროდუქცია უკვე დიდი ხნის დაანონსებულ ქართულ ხამონთან ერთად ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.
“ჩვენი მიზანია ქართული ტრადიციული პროდუქციის აღდგენა. არ ვაპირებთ რომელიმე ქვეყნიდან რამის კოპირებას. პარალელურად გვინდა ქართული ტრადიციული პროდუქტების აღგენა-პოპულარიზაცია და მსოფლიო ბაზარზე გატანა. ჩვენი ღორის ხორცის ხარისხი იძლევა ამის საშუალებას.
მაგალითად, ტრადიციული პროდუქტებიდან ძალიან ცნობილია ესპანეთში მორსია, რომელიც კეთდება ღორის შიგნეულით და სისხლით, მსგავსი ტრადიციული პროდუქტი დღესაც კეთდება სვანეთში, ზისხორას სახელწოდებით. ასევე ვეფხისტყაოსანში არის ნახსენები - ხმელობა, რაც მე-12 საუკუნეში ერქვა ღორის დაძველებულ ხორცს. ძალიან დიდი ჩამონათვალია მსგავსი კერძების, რომელთა აღდგენაზეც ვმუშაობთ”,- აცხადებს "ბიემთან" კომპანია Native Georgian-ის ხელმძღვანელი ვასილ ბაბლუანი.
პროდუქცია ქართული ჯიშის ღორის ხორცისგან დამზადდება, პარალელურად კი კომპანია საპარტნიორო ფონდთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქართული ღორის გადარჩენის პროექტს ახორციელებს.