(რეზონანსი) 2019 წლის ძველით ნაახალწლევი საქართველოში დიდი ტრაგედიით დაიწყო. 16 იანვრის საღამოს თბილისში, დიდ დიღომში ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 17 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ერთ-ერთ გარდაცვლილს, 29 წლის მამაკაცს, ლევან დავლაძეს, მეგობრის ბინაში ავტომანქანის გასაღები დარჩა და მის ასაღებად რამდენიმე საათის მერე დაბრუნდა. აირი იმ ბინაში ჟონავდა, საიდანაც ლევანს მანქანის გასაღები უნდა აეღო. ექსპერტების ვარაუდით, აფეთქება მის მიერ სინათლის ანთებამ გამოიწვია.ლევან დავლაძე დაოჯახებული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მის მეუღლეს, ანა ბაბაევას ქმრის დაღუპვას უმალავდნენ და ის მთელი ღამე ეძებდა მას... ქალი ჟურნალ „სარკეს" უამბობს :
"ლევანი მეგობრებთან ერთად ცოტა ხნით ადრე იყო მისული იმ სახლში. საჭმელი უჭამიათ იქ. ჩემს მეუღლეს გასაღები დარჩენია. მის ასაღებად ავიდა და მაშინ მოხდა აფეთქება. 20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო. მალე უნდა მოსულიყო.
იმ ბინაში სხვებთან ერთად უნდა ასულიყო და თურმე მარტოს არ უშვებდნენ, მაგრამ ლევანს მეგობრისთვის გასაღები გამოუტაცია და გაქცეულა, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო - ჩემთან ეჩქარებოდა", - განაცხადა აფეთქებისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლემ "სარკესთან".
"სარკე"