პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ ღამით შეკრებილი მოჭიდავეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დიღომში სამმართველოსთან შეკრებილებს შორის იყვნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დუშეთში შეკრება შეწყვიტეს და აცხადებენ, რომ ვარჯიშის გაგრძელებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. მათი თქმით, განხეთქილება შიდა ოჯახში უნდა მოგვარდეს.
„პირველ რიგში, სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოჭიდავე კაცმა მოჭიდავე ადამიანი ამ დონემდე მიიყვანა. აქ მოვედით, შევიკრიბეთ და მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს. ვისაც ეს საქმე ეხება, ვთხოვთ, რომ გეგა გეგეშიძე დროულად იყოს გათავისუფლებული, რათა ეს სპორტსმენები დარბაზებს დაუბრუნდნენ და გააგრძელონ თავისი საქმე, ვარჯიში“, – განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.
ცნობისთვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.