(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო ფრაქციის შენარჩუნების მიზნით, დეპუტატებთან კონსულტაციებს არ აპირებს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქციას დატოვებს, გაწევრიანების თხოვნით არავისთან საუბარს არ აპირებენ.
მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ დეპუტატებმა თავიანთი საქმიანობა და ბრძოლა ფრაქციის გარეშე განაგრძონ.
„თუ ვინმეს ფრაქციაში შემოსვლის სურვილი ექნება, სიამოვნებით მივიღებთ. დავით ჭიჭინაძეს მადლობას ვუხდი, რომ ფრაქცია აქამდე არ დაიშალა და შემოგვიერთდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მას თავისი გზა აქვს, ჩვენ - ჩვენი. რაც შეეხება ფრაქციის შენარჩუნებას, ადამიანს თავად უნდა ესმოდეს ოპოზიციური ფრაქციის არსებობის საჭიროება. ჩვენს პარტიას ბევრი რამ აქვს გაკეთებული რეალურად და არა მხოლოდ სიტყვიერად, მათ შორისაა, ციხის კადრები. ადამიანს ამ ფრაქციის არ დაშლა და ბრძოლა თავად უნდა სურდეს. თუ ასეთი დეპუტატი გამოჩნდება, მივიღებთ. ხვეწნას არ ვაპირებთ", - აცხადებს ლომია "პირველ არხთან".
დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსის" დატოვებაზე განცხადებას 5 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთებს.