(რეზონანსი) "მე და ნათია 6 წელია ერთად ვმუშაობთ და ასეთი ენერგიული, შრომისმოყვარე გოგო იშვიათია. გამორჩეული იყო სკოლაში, ისტორიას ასწავლიდა. ბოლოს ბავშვებს რომ ვუშვებდით საახალწლოდ სიცხიანი იყო, აკანკალებდა, სახეზე ფერი არ ედო. ვუთხარით წასულიყო სახლში, მაგრამ იმდენად პასუხისმგებლიანი იყო, სანამ გაკვეთილები ბოლომდე არ ჩაატარა არ წავიდა სახლში", - ამის შესახებ ფონიჭალაში გარდაცვლილი გოგონას თანამშრომელმა, ირმა ქობულაშვილმა განაცხადა.
"მერე გაიგო რომ ფილტვების ანთება ჰქონდა და ცოტა იავადმყოფა. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული იყო და სულ გამორჩეული იყო მისი ღია გაკვეთილები. ბოლოს პედაგოგებს შეხვედრა გვქონდა სკოლაში, "სანტობანა" ვითამაშეთ და დავასაჩუქრეთ ერთმანეთი, დირექტორმა კი დაგვასაჩუქრა ყველა პედაგოგი, ვინც ამდენი წელი ვმუშობთ იმ სკოლაში და მათ შორის ნათიაც იყო. ძალიან ბედნიერი იყო თავისი ოჯახით. რომ გათხოვდა უცებ არ დარჩა ფეხმძიმედ და ამას განიცდიდა, მაგრამ მერე ორ წელიწადში ნათიას სამი შვილი ეყოლა, უფროსი გოგონა პატარა ყავდა და ტყუპებზე აღმოჩნდა ორსულად. ბოლომდე დადიოდა სკოლაში, ბოლო გაკვეთილი ჩაატარა სახლში წავიდა და რამდენიმე საათში იმშობიარა.
ძალიან ლამაზი, ცისფერი თვალებით, გამხდარი, სიფრიფანა გოგო იყო და საოცრად კონტაქტური და ძალიან ძლიერი. თავიდან მული ეხმარებოდა, მერე სამ შვილს მარტო ზრდიდა. ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, გვაჩვენებდა ფოტოებს, თავისი გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს, სულ თავის შვილებზე და ოჯახზე საუბრობდა. მეუღლეც კარგი ჰყავდა. ორივე ჩართული იყო შვილების აღზრდაში. ნათია რომ მიდიოდა სახლში, მერე მისი ქმარი მიდიოდა სამსახურში. იშვიათად შემხვედრია ასეთი პასუხისმგებლიანი ადამიანი. მისი პატარები ძალიან ცელქები იყვნენ, ერთს რასაც მიუტანდა, ის უნდოდა სამივეს", - განაცხადა ირმა ქობულაშვილმა "კვირის პალიტრასთან".
"კვირის პალიტრა"