დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში, კორპუსში სადაც აფეთქება მოხდა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
„ლაბორატორიული და საექსპერტო კვლევები და სამუშაოები დასრულებულია და ამის შედეგად დადგენილია, რომ დიდ დიღომში მომხდარ შემთხვევის შედეგად არ არის დაზიანებული შენობის მზიდი კონსტრუქციები. ძალიან მალე შეიძლება იქ აღდგენითი სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, შენობა მდგრადობის კუთხით ვარგისია. თბილისის მერია კი მობილიზებულია, რომ იქ აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. ხარჯებს დედაქალაქის მერია დაფარავს.
რაც შეეხება დაზარალებულებს, თბილისის მერიამ ისინი სასტუმრობეში განათავსა და ისინი იქ იქნებიან მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„ჩვენი კონტრაქტორები მზად არიან, რომ უმოკლეს დროში მოხდეს აღდგენითი სამუშაოები და ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს. სამუშაოებს თბილისის მერია დააფინანსებს და ყველანაირად დავუდგებით დაზარალებულ მოქალაქეებს გვერდში“, – აღნიშნა ხმალაძემ.