რეზონანსი
19.01.2019

 (რეზონანსი) დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და წმინდა სახარებიდან ის ადგილი გაიხსენა, სადაც უფლის ნათლისღებაზეა საუბარი.

„ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, დღეს წმინდა სამება გამოეცხადა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ". ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში და ნათლისღება ინება და სულისწმინდა „სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა".

დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა" , - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმართა მრევლს, ნაკურთხი წყლით აკურთხონ სახლი, ეზო და ქუჩები.

„ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა აკურთხოთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული ვეღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა თქვენს ზედა!" - ბრძანა უწმინდესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×