(რეზონანსი) "ძალიან ბედნიერი იყო თავისი ოჯახით. რომ გათხოვდა უცებ არ დარჩა ფეხმძიმედ და ამას განიცდიდა, მაგრამ მერე ორ წელიწადში ნათიას სამი შვილი ეყოლა, უფროსი გოგონა პატარა ყავდა და ტყუპებზე აღმოჩნდა ორსულად", - ამის შესახებ განცხადებას დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაღუპული ნათია ციცვაძის მეგობარი ირმა ქობულაშვილი აკეთებს.
"ძალიან ლამაზი, ცისფერი თვალებით, გამხდარი, სიფრიფანა გოგო იყო და საოცრად კონტაქტური და ძალიან ძლიერი. თავიდან მული ეხმარებოდა, მერე სამ შვილს მარტო ზრდიდა. ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, გვაჩვენებდა ფოტოებს, თავისი გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს, სულ თავის შვილებზე და ოჯახზე საუბრობდა. მეუღლეც კარგი ჰყავდა. ორივე ჩართული იყო შვილების აღზრდაში. ნათია რომ მიდიოდა სახლში, მერე მისი ქმარი მიდიოდა სამსახურში. იშვიათად შემხვედრია ასეთი პასუხისმგებლიანი ადამიანი. მისი პატარები ძალიან ცელქები იყვნენ, ერთს რასაც მიუტანდა, ის უნდოდა სამივეს.
"წამოზარდა შვილები მეტნაკლებად, უნდა ამოესუნთქა და ეს საშინელება მოხდა, მანამდე ვერაზე ცხოვრობდა. სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში გადავიდა ახალ ბინაში და ეს საშინელება მოხდა. ტელევიზიით გავიგე აფეთქების შესახებ. ყველა მოვიკითხე, ერთმა თანამშრომელმა მითხრა იმ სახლთან ნათია დავტოვე მანქანითო და ამის მერე სულ ვრეკავდით ნათიასთან, ვერ დავუკავშირდით. ტელევიზიით მოვკარით თვალი ნათიას დაქალს, დავუკავშირდით და გავიგეთ ეს უბედურება. საშინელებაა. ანასტასიაც თმითაც კი მივხვდით, მერე მეუღლის ფოტოები გამოქვეყნდა, ძალიან გვტკივა. ჩვენ მართლა ვამაყობდით მისით", - ამბობს ქობულაშვილი "კვირის პალიტრასთან".