რეზონანსი
18.01.2019

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის აფეთქების შემდეგ რამდენიმე წუთში, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ასახულია დაშავებული ბავშვი, რომელიც მამაკაცს უჭირავს ხელში და გულისცემას უმოწმებს, მათ გვერდით კი დაშავებული ბავშვის მამა დგას. 

მამაკაცი, რომელიც ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობს, ცნობილი ქირურგი ოლეგ კვიციანია, ხოლო დაშავებული ბავშვი ტყუპისცალი, რომელიც რამდენიმე საათში "იმედის კლინიკაში" გარდაიცვალა.  

"პრაიმტაიმთან" საუბრისას ქირურგი ამბობს, დაშავებულ ბავშვს თავის ტვინის ტრავმა ჰქონდა, რომელიც "იმედის კლინიკაში" გადაიყვანეს:  

"თავს დათრგუნულად ვგრძნობ. მე გვერდით კორპუსში ვცხოვრობ. შემთხვევის ადგილას მივედი, ავედი და მამა-შვილი მე-5 თუ მე-6 სართულზე შემომხვდნენ. ხელში ბავშვი ეჭირა და შოკირებული იყო. ბავშვი ჩამოვიყვანეთ ქვევით, ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. გულის ხელოვნური მასაჟით და სუნთქვით, თითქოს ავამუშავეთ ბავშვის გული და შემდეგ ჩავაბარეთ რეანიმაციას. იმედის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს თავის ტვინის ტრავმა, ქალას ტრავმა ჰქონდა. თუ "იმედის კლინიკაში" სხვა ბავშვი არ გადაუყვანიათ, მაშინ ეს ბავშვი დაიღუპა... ალბათ, ყველას უნდოდა, რომ ეს ბავშვი გადარჩენილიყო" - ამბობს ოლეგ კვიციანი.

როგორც "პრაიმტაიმს" „იმედის "კლინიკაში" განუცხადეს, ბავშვი უმძიმესი მდგომარეობით, ქალა ფუძის მოტეხილობით შეიყვანეს კლინიკაში, სამწუხაროდ, ექიმებმა მეორედ ბავშვის გულის ამუშავება ვეღარ შეძლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×