(რეზონანსი) "მესამე სართულიდან მექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი არ ჰქონდა, მაგრამ მეექვსე სართულის ზემოთ, ძირითადად კარები იყო გაჭედილი და არ იღებოდა, ხალხი შიგნით იყო დარჩენილი, ბინებიდან ვერ გამოდიოდნენ", - ამის შესახებ განცხადებას გლდანი-ნაძალადევის ოცმეთაური, არჩილ ჯაფარიძე აკეთებს, რომელი გუშინ დიღომში აფეთქების აგდილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.
"მეექვსე სართულიდან ზევით დავიწყეთ სვლა, მეშვიდე თუ მერვე სართულზე ვიპოვეთ პატარა გოგონა, იქნებოდა 4 წლის, მარტო იყო და ისტერიულად ტიროდა, ერთ-ერთ მაშველს ვუთხარი, რომ ბავშვისთვის მიეხედა. ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიყვანა ქვევით სამაშველო მანქანასთან. ახლა მისი მშობლების ძებნა დავიწყეთ. ბავშვს არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, უბრალოდ შეშინებული იყო. მალევე ვიპოვეთ ბავშვის დედაც", - ამბობს მაშელი "კვირის პალიტრასთან".
არჩილ ჯაფარიძის თქმით, დაღუპული 30 წლამდე ასაკის ბიჭი, მეგობართან იყო მისული.
"პირველი მისი ცხედარი ვნახეთ, 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო. წნევამ გადმოაგდო ზევიდან და პირველ სართულზე ეგდო. მერე ძმაკაცი ეძებდა, გაირკვა, ის ბიჭი იქ არ ცხოვრობდა, მეგობართან იყო სტუმრად მისული, სწორედ ის მეგობარი ეძებდა, ვისთანაც იყო სტუმრად. როგორც გავიგეთ, ბინაში გასაღები დარჩა და იმის ჩამოსატანად ავიდა, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება", - დასძენს მაშველი.