(რეზონანსი) ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც დაღუპულია 4 ადამიანი, მათგან სამი - ერთი ოჯახის წევრია.
როგორც ირკვევა, გაზი მინდია ფირალიშვილის საცხოვრებელ ბინაში დაგროვდა და ამას მოყვა ძლიერი აფეთქება.
"მინდია დარტყმის ტალღამ გარეთ გამოაგდო რკინის კარებიანად, მერე შებრუნდა უკან და გამოიყვანა დანარჩენები, ის კადრები რომ გავრცელდა ბავშვი რომ უჭირავთ ხელში, უფროსი გოგოა, ვის უჭირავს ხელში არ ვიცით, ეტყობა, რომ გამოიყვანა ვიღაცამ გამოართვა, ეს ანასტასიაა - უფროსი, ორი ტყუპი პატარები არიან. პატარა ბინა ჰქონდათ, მაქსიმუმ 60 კვადრატული, მაგარამ ყველაფერი საკუთარი შრომით შექმნეს, ბედნიერები იყვნენ. ცენტრალური გათბობა დაამონტაჟეს, ყველაფერი მყუდროდ მოაწყვეს, - ქვაბი შემიფუთე წყალი არ გამიყინოსო, - დამირეკა მინდიამ ორი დღით ადრე. და ეს საშინელებაც დატრიალდა", - ამბობს "კვირია პალიტრასთან", მინდიას მეგობარი გია.