(რეზონანსი) 16 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 4 წლის ბიჭუნაა. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 2 მოზრდილი, 6 კი ბავშვია. პატარების უმეტესობა ექიმებმა სახლში უკვე გაწერეს, მხოლოდ ერთი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
"საშინელი სუნი იდგა, მე დავხვდი, როდესაც "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელი მოვიდა და დაგვაიმედა, ეს რა გაგვიკეთა - ასეთი საშინელება დატრიალდა მისი წასვლიდან ორ საათში. რომ არ ეთქვა საშიში არაფერიაო, სართულ-სართულ ყველა ბინას დავივლიდით და მივაგნებდით. კორპუსის შესასვლელთან კამერები აყენია, მისი მოსვლა დაფიქსირებული იქნება კამერებზე და ვერ იტყვიან, რომ არ იყო მათი წარმომადგენელი აქ მოსული.
გვეუბნებოდა, - არა, ბრატცი, გეჩვენებათ, არაფერი არ ხდება აქო, ზუსტად ამ სიტყვებით გველაპარაკა, რა მეჩვენება, ყარს აქაურობა- მეთქი.
მე მერვე სართულზე ვცხოვრობ და ყველგან საშინელი სუნი იყო, ეტყობა ვინტილაციას ამოჰქონდა ეს სუნი. მერე ჩვენ გავანიავეთ ოთახები, მაგრამ დავხურეთ თუ არა ფანჯრები, მალევე ისევ ისეთი სუნი დადგა.. აშკარა იყო პრობლემა. წარმოიდგინეთ, ასე გვითხრა, ალბათ ვიღაცამ გაზით სავსე ბალონი აიტანა სახლშიო, ეს სისულელე გვითხრა, ვუთხარი, - კარგი, აიტანა გაზის ბალონი, მაგრამ ამდენი ხანი სუნი გაგიგია-მეთქი? - განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა "კვირის პალიტრასთან".
"კვირის პალიტრა"