დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალებს აფეთქებული კორპუსის მცხოვრები ილია ბუზალაძე ყვება.
ისიც და მისი ოჯახიც სასწაულებრივად გადარჩა.
"ლიფტიდან ფეხი გამოვდგი და მთელი ლიფტის კარებები და ბლოკები ზედ დამეცა, ლიფტი შახტაში ჩავარდა, უბრალოდ ორი ნაბიჯი გადმოვდგი ლიფტიდან და ამიტომ გადავრჩი, ოჯახიც გადამირჩა, ჯერაც ვერ ვხვდები როგორ გადავრჩი…
ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილები და გაძლება ღმერთმა ჩემს მეზობელ ბიჭს ამ ტრაგედიის გადასატანად.
საშინელება იყო, რომ ჩამოვდიოდი წამით მოვკარი მამა-შვილს თვალი. გაშტერებული იდგა მამა, პულსს უსინჯავდა, მერე მეზობელმა ჩამოაყვანინა. მესამე შვილი ტიროდა ღრიალებდა. არ აქცევდა იმას ყურადღებას. იმ წუთას მეგონა ყველა სართულზე ვიღაცა მოკვდა, ეზოში რომ ჩავიხედე ვიღაცა ეგდო, დახოცილი მეგონა ხალხი”, – აცხადებს "მეტრონომთან" ბუზალაძე.
გუშინ ღამით დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.