
გია კორკოტაშვილის შვილი ვაჟა კორკოტაშვილი, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით არის დაბარებული. საქმე ეხება ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას.
15 იანვარს, საღამოს, ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მას, სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. სისხლიანი გარჩევის დროს, ორი ახალგაზრდა კაცი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ადუაშვილი, ცივი იარაღითაა დაჭრილი. დაკავებულია მისი მეგობარიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, კონფლიქტი შესაძლოა ორ დაჯგუფებას შორის წარსულში დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, თუმცა ადუაშვილი სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს.