(რეზონანსი) დედაქალაქის მერია მეტროსადგურ " ვარკეთილის" ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. მერიის მიერ ჩატარებული საექსპერტო- კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ სადგურის არსებული პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება.
თბილისის მერის განმარტებით, პროექტი თავდაპირველად არასწორად იყო შედგენილი, რის გამოც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მუშაობის დაწყება ხელახლა უწევს.
" გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ "ვარკეთილის" ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ", - აღნიშნა კახი კალაძემ.
გარდა "ვარკეთილის" მეტროსადგურისა, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ "გურამიშვილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში გამოცხადება ტენდერი მეტროსადგურ "ისნის", "თავისუფლების მოედნის", "რუსთაველის", "მარჯანიშვილის მოედნისა" და "წერეთლის" საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. რაც შეეხება მეტროსადგურ "გოცირიძეს", მისი ტენდერი უარყოფითად დასრულდა, თუმცა, მერია მას მეორედ გამოაცხადებს.
დღესვე, ცნობილი გახდა , რომ მიმდინარე წლისთებერვლის თვეში დასრულდება მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი "სადგურის მოედნის" სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც.
"პრაიმტაიმი"