თბილისში ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე დაცხრილულია ავტომობილი რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი დაცალა. სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილეს ტყვია ფეხში მოხვდა.
შედეგად დაიჭრა თავდამსხმელიც. ორმხრივ სროლაში მონაწილე ზურაბ კუჭავაც და გიორგი ადუაშვილიც ამ წუთებში საავადმყოფოებში იმყოფებიან. ექიმების ინფორმაციით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობა სტაბილურია. ზურაბ კუჭავას, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობაა ქვს მიყენებული, ტრავმატოლოგიის ცენტრშია მოთავსებული.
გიორგი ადუაშვილს კი 6 ჭრილობა ჰქონდა ბასრი საგნით მიყენებული. ის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ადუაშვილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მათი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის და კაჭარავას კონფლიქტს უკავშირდება და ეს კვლავ ორ სამეგობროს შორის სისხლიანი გარჩევის გაგრძელებაა. კურიერის ცნობით, ადუაშვილი კაჭარავას მეგობარია და კუჭავა კი, სავარაუდოდ, გოგოჭურის.
არსებული ცნობით, ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა, რა დროსაც ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი მან იმ ავტომობილისკენ ისროლა, სადაც კუჭავა იჯდა.
სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.