რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში პირველი ე.წ. Car sharing-ის, ავტომობილების გაზიარების პროექტი იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვისას რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 300 ელექტრო ავტომობილი იქნება პროექტში ჩართული და ის მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან მოემსახურება.

„ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. Car sharing, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. ყველა ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, გადაიხადოს თანხა და ისარგებლოს მთელი დღის განმავლობაში ან რამდენი ხნითაც მოესურვება. ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო. ქალაქში ძალიან მალე 300 ავტომობილი იქნება ჩამოყვანილი და განთავსდება სხვადასხვა ლოკაციაზე", - ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ავტომობილით სარგებლობა მომხმარებლებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვის და აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ შეეძლებათ.

„სპეციალური აპლიკაცია აჩვენებს სად მდებარეობს მანქანა, შეგეძლებათ ამავე აპლიკაციით დაარეზერვოთ და აპლიკაციის მეშვეობითვე გახსნათ ავტომობილის კარი, დაქოქოთ ავტომობილი გასაღების გარეშე, ასევე აპლიკაციის მეშვეობით გაიგებთ რამდენი ხანი შეგეძლებათ ავტომობილით სარგებლობა და რამდენი პროცენტით არის მისი ბატარეა დამუხტული. ავტომობილის გამოყენების შემდეგ მისი დატოვება თბილისში ნებისმიერ ადგილზე შეგეძლებათ", - დასძენს თბილისის მერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×