ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთი იყო. ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილმა მომწოდებელმა - რუმინეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
2018 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1098,9 ათასი ტონა, რაც 3,1 ათასი ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (1095,8 ათასი ტონა).
მათ შორის, 2018 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 542,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 556,9 ათასი ტონა.
გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
მათ შორის, 2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.