(რეზონანსი) ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან "ჭკვიანი" კამერები დააჯარიმებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმასმოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
შეგახსენებთ, შსს-მ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა. ასევე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.