(რეზონანსი) ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების ფონზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს ურთიერთპატივისცემისა და თანადგომისკენ მოუწოდებს:
„მეგობრებო, ექიმები არა ვართ რობოტები! ისეთივე ადამიანები ვართ, ისევე გვყავს ოჯახები და გვაქვს პირადი ცხოვრება- როგორც ყველა სხვას. ვერც ვავალდებულებ ჩემს თანამშრომლებს დათმონ ოჯახები, შვილები და 24 საათი ემსახურონ მოსახლეობას. ამის მიუხედავად, ძალიან მიხარია და გულის სიღრმეში მეამაყება, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თითქმის ყველა ექიმი, თავისი ნებით მოდის ამ რთულ პერიოდში, შაბათ-კვირასაც და უწევს სამედიცინო დახმარებას ხალხს. წელს ყველაზე დიდი ბრძოლა გრიპთან ბრძოლაში, ჩვენს -"ვახტანგ ბოჭორიშვილის" კლინიკას მოუწია და ქალაქში ყველაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩვენ გავწიეთ როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში. დღეს, შუადღისთვის საწოლები კი არა, სკამზე დასაჯდომი ადგილებიც აღარ დაგვრჩა, ამბულატორიული დახმარება რომ გაგვეწია. შევძელით, დღევანდელი მძიმე დღეც გადავიტანეთ; არავის დაუწუწუნია. პაციენტების დიდი უმრავლესობა პატივს სცემს ჩვენს შრომას და ესმის შექმნილი მდგომარეობა. მაგრამ 70 პაციენტიდან ერთსაც კი შეუძლია თავისი მოქმედებით წყობიდან გამოიყვანოს ექიმი. ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, შესანიშნავი ექიმი, რომელიც წუხელ ღამის 11-საათამდე ავადმყოფებს უვლიდა, ავადმყოფის პატრონის აშარმა ქმედებამ ნერვიულ სტრესამდე, ლამის ქმედითუუნარობამდე მიიყვანა! სხვათა შორის, ავადმყოფებზე მეტად სწორედ მათი პატრონები იქცევიან ცუდად და ხშირად უშლიან ხელს პერსონალს.
ძალიან მინდა ყველას ესმოდეს, რომ მედიკოსები- ექიმი იქნება, თუ ექთანი, ყოველთვის ემოციურ კავშირში არიან ავადმყოფის მდგომარეობასთან, აქვთ თანაგანცდის შეგრძნება და სენთან დამარცხების შემთხვევაში, მათი ნაწილიც კვდება. მე მინახავს, როგორ დაბერდა ერთი ჩემი ექიმი ათი წლით ერთ დღეში, როდესაც ახალგაზრდა ავადმყოფი გარდაეცვალა. ამიტომ, ნუ ავყვებით ცუდი დროს გარკვეული მიზნებით გავრცელებულ მითს, თითქოს ექიმი დილიდან სახლიდან მხოლოდ იმ აზრით გამოდის- ვის გამოჭრას ყელი და დაამატოს "შავი ლაქები თეთრ ხალათზე!"... ამავე დროს, ყველას ოჯახები ჰყავთ და ყოველი წუთი, რომელსაც კლინიკაში სამუშაო საათების შემდეგ და უქმე დღეებში ატარებენ- საკუთარ ოჯახს, მათ სითბოს აკლდება!
მიყვარხართ ყველა და ვამაყობ, რომ ბედმა თქვენთან ერთად მუშაობა მომიწია - პროფესორებიც, ექიმებიც, ექთნები, სანიტრებით და ადმინისტრაციული მენეჯერებიც!" - წერს სოციალურ ქსელში დავით გადელია.