რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) 6 წლის საბა კიწმარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი თავდაპირველად ბათუმის საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

მრავლობითი დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული ბავშვი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა საბოლოო პასუხი ექიმებს ისევ არ აქვთ.

6 წლის საბას ოჯახის წევრების თქმით, ექიმები მათ ეუბნებიან, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება.

ბავშვის ბიძა, გიორგი საფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას ითხოვს, რადგან მათ თურქეთის კლინიკაში ბავშვის გადაყვანა სურთ. ოჯახი დახმარებას და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვს.

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კლინიკის სრული რესურსი იყო ჩართული.

ჩხაიძე ოჯახის უკმაყოფილობასაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ კლინიკამ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნისთანავე გასცა.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა მხოლოდ რეანიმობილით ან სპეციალური თვითმფრინავით არის შესაძლებელი.

„მუცელში ჩაუდგა წყალი, ფილტვები დაეხურა და გუშინ წინის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გახდა ძალიან კრიტიკული. ექიმი გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არისო, ამ დროს გამოვართვით ბავშვის ანალიზები, რა ანალიზები უკეთდებოდა და მოვითხოვეთ, რომ სტამბოლში წაგვეყვანა ბავშვი. ექიმმა გუშინ გვითხრა, რომ მე ვიღებ ყველაფერს ჩემს თავზეო და არ არის საჭირო ეს ყველაფერიო და დილამდე კიდევ დაველოდოთო. დილას უკვე არავინ არ დაგვიკავშირდა და დავრეკეთ ბავშვს, სიცხე თუ აქვსო, სიცხე კი არა, ექიმი პირდაპირ გვეუბნება, ბავშვს ყველაფერი დაეხურა, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილო," - ამბობს ბავშვის ბიძა გიორგი საფარიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×