რეზონანსი
12.01.2019

 ბრიტანელი მამაკაცი სახელად ჯეკ შეპარდი (დაბადებული 1987 წლის 17 აგვისტოს), რომელიც სასამართლომ უხეში გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დამნაშავედ ცნო, შესაძლოა საქართველოში იმალება.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, მსხვერპლის მამამ, მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით განუცხადა. 55 წლის გრეჰამ ბრაუნის თქმით, პოლიციამ მის ოჯახს განუმარტა, რომ ჯეკ შეპარდი საზღვარგარეთ გაიქცა.

„პოლიციამ თავდაპირველად გვითხრა, რომ ის საქართველოში გაიქცა“, - ამბობს დაღუპულის მამა.

ბრიტანული გამოცემების, "დეილი ტელეგრაფის" და "დეილი მეილის" ჟურნალისტებიც დეტექტივებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ძებნილი შესაძლოა მართლაც საქართველოში იმალება.

ინციდენტი, რის გამოც, ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს, 2015 წლის 9 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, სახელად შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად სხვა ადამიანიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 ჯეკ შეპარდი ბოლოს ბრიტანეთში 2018 წლის 31 მარტს ნახეს. სასამართლომ, იგი დამნაშავედ ივლისის თვეში ცნო და დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მსჯავრდებული ამ დრომდე ძებნაშია.

გამოცემა "დეილი მეილმა" მის მპოვნელზე 25 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდო დააწესა.

იმყოფება თუ არა შეპარდი საქართველოს ტერიტორიაზე ან გადმოკვეთა თუ არა მან საზღვარი 2018 წლის მარტიდან ამ დრომდე,  ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ  არსებობს.

(პრაიმ ტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×