საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე ეტაპი კი, 15 თებერვლიდან დაიწყება. ადმინისტრაციაში, ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული.
„იქიდან გამომდინარე, რომ 1-ელი იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი. 15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, 15 თებერვლიდან კი - მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.