(რეზონანსი) გლდანში, გობრონიძის ქუჩაზე მამაკაცი ახალგაზრდა ქალს ელექტროშოკით თავს დაესხა და მასზე იძალადა. ამის შესახებ თავად დაზარალებული ჰყვება და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:.
"საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების. მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი, როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით. მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით", - წერს დაზარალებული.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული", - განუცხადეს "პრაიმტაიმს" შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.