(რეზონანსი) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, გუშინ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მასთან ერთად მომუშავე სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა.
ამის შესახებ მან "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" თქვა, სადაც მძღოლს მალე ბრალს წარუდგენენ.
"იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. "რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.
ტრაგედია თბილისში გუშინ, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს ჩაეძინა, რამაც მომხდარი გამოიწვია.