რეზონანსი
10.01.2019

 (რეზონანსი) მმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ფოფხაძე და ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.

გედევან ფოფხაძის თქმით, ივანიშვილის განცხადებაში არ არის პასუხი იმაზე, უჭერს თუ არა მხარს არსებულ სიას პარტიის თავმჯდომარე.

"გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება, რადგან გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან წარდგენილი სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ვეწინააღმდეგებით."- განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძე უარყოფს გუნდის წინააღმდეგ წასვლის ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი გუნდურობა იმ პრინციპების ერთგულებაში გამოიხატება, რომლითაც 2012 წლის არჩევნები მოიგეს.

„რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერმოსამართლების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები.

მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყელაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×