რეზონანსი
10.01.2019

 შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველო იმ პირების დადგენას ცდილობს, რომლებმაც არასრულწლოვნები სასტიკად სცემეს.

შემთხვევა ორ იანვარს მოხდა, როცა 16 წლის ნიკა კაჭკაჭაშვილმა მასთან სტუმრად მყოფი ორი თანაკლასელი გააცილა. მეათე კლასელის ბებია გვიყვება, რომ მისი შვილიშვილი უკან 10 წუთში დაბრუნდა. მას ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა. დაშავებულმა თავდაპირველად თქვა, რომ ყინულზე დაეცა. მოგვიანებით, როცა ინციდენტის სხვა დეტალები გახდა ცნობილი გაირკვა, რომ მეათე კლასელი ბიჭი უცნობმა პირებმა სცემეს.

"კლასელებს სასმელი არ დაულევიათ, არც ძალიან გვიანი იყო. ეჭვი არ შეგვიტანია, რომ ვინმემ სცემა", - გვიყვება დაშავებულის ბებია.

"ეს არ იყო დაბარება და საქმის გარჩევა. ასეთ შემთხვევაში ნაცემი მოზარდების მხარესაც ბევრნი იქნებოდნენ. როგორც ჩანს, ბავშვებს შემთხვევით გადაეყარნენ მთვრალი კაცები, რომლებსაც ჩხუბისთვის მიზეზი არც უნდოდათ", - ფიქრობს დაზარალებული მოზარდის პაპა სიმონ კაჭკაჭაშვილი.

ე.წ. "ვერიპლანის" დასახლებაში დაწყებული დაპირისპირება ქალაქის ცენტრში გაგრძელდა. იგივე პირებმა დიდიმამიშვილის ქუჩაზე ნიკა კაჭკაჭაშვილის კლასელები და მათი მეგობარი სცემეს.

"სიგარეტის მოსაწევად გავედით ოთხი ბიჭი. სიტყვის თქმა არ გვაცადეს. თქვეს ესენიც იმათი კლასელები არიანო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ცემა დაგვიწყეს. ჩემი ბიძაშვილი რომ გადმოვატრიალე, გათიშული იყო. ყბა აქვს მოტეხილი. ვიდეოთვალის ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ოთხ ბიჭს ჯგუფურად გაუსწორდნენ" - ამბობს 19 წლის ბიჭი.

ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფს ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა ამბობს, რომ მეათე კლასის მოსწავლეები მისმა მეგობრებმა სცემეს.

"ქუჩაში იგინებოდნენ, მივიდნენ ჩვენი ბიჭები და უთხრეს ნუ იძახით ცუდ სიტყვებსო. შელაპარაკება მოუვიდათ და იჩხუბეს. ორივე მხარე ნასვამი იყო, ვერ მოზომეს. თანატოლები იყვნენ, ზრდასრული იქ არავინ ყოფილა. ჩემ მეგობრებსაც ერთი-ორი დაარტყეს, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ აქვთ. ჩხუბია და მოხდება ასეთი რაღაც" - ორი იანვრის ღამე პირად საუბარში გაიხსენა ახალგაზრდა მამაკაცმა.

კიდევ ერთი ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაგრძელებულ ინციდენტში მონაწილეობდა აცხადებს, რომ იქ ბიჭების გასაშველებლად მივიდა. 

"მე და ჩემი ორი ძმაკაცი პარკში ვიყავით. როცა დავინახეთ რომ ჩხუბობდნენ, გასაშველებლად მივედით. 7-8 კაცი სცემდა ოთხ ბიჭს" - გვიყვება 18 წლის ბიჭი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×