რეზონანსი
09.01.2019

 განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესის 21-იანვრამდე გადადების რეკომენდაცია სკოლების გარდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხებათ. მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მთავარია რისკებისგან თავის დაზღვევა და ამისათვის ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული.

„ეს გადაწყვეტილება ეხება საჯარო სკოლებს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაცია გავეცით, რომ მაქსიმალურად ყველა სასწავლებელში აირიდონ ეს რისკები და ვფიქრობთ, რო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტუდენტებზე ზრუნვა, პედაგოგებზე ზრუნვა და შეიძლება ისეთ დიდ რისკებთან არ იყოს აქ ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ სჯობს რომ დავეზღვიოთ ყველაფრისგან,  ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რომ ყველანაირი რისკებისგან ვიყოთ დაზღვეული“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ გრიპის ვირუსის შემცირების  ტენდენციის შემთხვევაშიც კი,  სკოლებში სასწავლო პროცესის 21-იანვრიდან განახლების რეკომენდაციას განათლების სამინისტრო არ შეცვლის. ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი ბავშვების და პედაგოგების ჯანმრთელობაა.

„ვფიქრობთ, ერთი კვირა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადმა პიკმა  გადაიაროს. ჩვენ უკვე მივმართეთ რეკომენდაციით, სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს. ესეც არ უნდა იყოს ერთჯერადი. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბავშვები შესაბამისი რისკებისგან“, – აღნიშნა "ედუ.არის.ჯი"-სთან საუბრისას ბატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×