(რეზონანსი) ზუგდიდში 24 წლის პაციენტი, რომელიც სვანეთიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იქნა შემოყვანილი, გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა.
თუმცა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ პაციენტს ღორის გრიპი ჰქონდა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან კატასტროფის სამსახურმა ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიიყვანა.
„პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა . არის თუ არა გარდაცვალების მიზეზი ღორის გრიპი, ამას ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.