რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადასცა.

როგორც უწყების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ტორუამ განაცხადა, ჯამში მათი რაოდენობა 800 ერთეულ კოლოფს შეადგენს. მისივე თქმით, დღეს დილიდან, პრეპარატს იმ რეგიონებში ანაწილებენ, სადაც შეიძლება, ისევ დეფიციტი გაჩნდეს.

სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს „ტამიფლუ" თავისი მარაგიდან გადასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევები შემცირდება, კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება ექნებათ.

„ამასთან, როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გვაქვს მარაგები, საიდანაც ის რისკ ჯგუფებზე (ბავშვებზე, ორსულებზე, პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებზე) უფასოდ გაიცემა. გარდა ამისა, „ტამიფლუს" მარაგი თითქმის ყველა სტაციონარშია, რომლის ხარჯებსაც კლინიკაში მოხვედრილებს საყოველთაო ჯანდაცვა აუნაზღაურებთ.

აფთიაქებს „ტამიფლუ" იმ მიზნით გადაეცათ, რომ ამბულატორიული პაციენტებისთვის, ვინც მედიკამენტი ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოს დეფიციტი არ შეიქმნას. შესაბამისად, როგორც კი სააფთიაქო ქსელები მარაგებს შეავსებენ, ისინი ამ მედიკამენტებს უკან დაგვიბრუნებენ", - აღნიშნა მან „ინტერპრესნიუსთან".

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს. მედიკამენტის უფასოდ მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ორსულებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×