რეზონანსი
06.01.2019

 თაბორის მთას კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობისთვის ამზადებენ. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დედაქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილს სასტუმრო კომპლექსს ქართული ოცნების წევრი, ბექა ოდიშარია, ააშენებს.

ესკიზებიდან, რომელიც თბილისის მერიაშია წარდგენილი, დგინდება, რომ სულ 10 კორპუსი აშენდება. 21-მეტრიანი სიმაღლეს შენობების 6 მეტრი მიწის ქვეშ იქნება, 15 კი - მიწის ზევით.

ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენების სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, თუმცა, მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ოდიშარიას ამ პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრეს და გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს.

ბექა ოდიშარიასთვის ხელსაყრელი დრო 2017 წლის ბოლო აღმოჩნდა. ოდიშარიას კუთვნილ ტერიტორიას მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ზონის ე.წ. სზ 3-ის სტატუსი მისცა. 2018 წლის ივლისში კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მართალია ბუნდოვანი, მაგრამ მაინც თანხმობა მისცა დეპუტატს.

ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტარმა დეპუტატის მანდატი და გავლენები საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის ქალაქის რელიეფისა და იერსახის დამახინჯების ხარჯზე გამოიყენა.

ოდიშარია კი "კურიერთან" აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატი და გავლენები არ გამოუყენებია, პრივილეგიებით არ უსარგებლია და ყველა არსებული კანონი დაიცვა.

"ოცნების" დეპუტატი მშენებლობისთვის საბოლოო ნებართვას მერიიდან 9 იანვარს ელოდება. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურში პროექტს გაეცნენ, ხარვეზები აღმოაჩინეს და ბექა ოდიშარიას ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×