დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში პაციენტის მხრიდან ექიმზე თავდასხმის ფაქტს საავადმყოფოს თანამშრომელი გამოეხმაურა. ნინო პოპიაშვილის ინფორმაციით, ექიმმა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღო, ხოლო თავდამსხმელი პაციენტი სახლში გაუშვეს.
"ძალიან გაბრაზებული ვარ და კიდევ შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ დღეს ჩემი კოლეგა ნუკრი ბერიშვილი გახდა თავდასხმის მსხვერპლი პაციენტის მხრიდან. ექიმმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. მას დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, აქვს ტვინის შერყევა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტმა თავის ტკივილის გამო მოითხოვა ნარკოტიკი. ეს კიდევ ერთხელ იმის დასტურია თუ როგორი დაუცველები ვართ ექიმები. ველოდებით გამოძიების დასრულებას. იმედი გვაქვს, დამნაშავე სათანადოთ დაისჯება. მე მას არ ვიცნობ, არ ვიცი გვარი, სახელი, თუმცა ვიცი, რომ სახლში გაუშვეს", - წერს ნინო პოპიაშვილი.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.