(რეზონანსი) ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. და მოქალაქეებზე ზრუნავდა რა გარდაცვლილი სოსო შერვაშიძე ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა, მივუსამძირო ჩვენი სოსო შერვაშიძის ოჯახს. სოსო იყო ჩვენი გუნდის, ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი. ძალიან მიმძიმს მასზე წარსულ დროში საუბარი. სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა",- წერს ლაშა კომახიძე.
შეგახსენებთ, 4 იანვარს, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა, რა დროსაც სოსო შერვაშიძე დაშავდა. დაშავებული მამაკაცი ბათუმი მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი გარდაიცვალა.