(რეზონანსი) 2 იანვარს, გვიან ღამით, დაბა თიანეთში სასტიკი დანაშაული მოხდა - 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
მოკლულებიდან ერთ-ერთი ადგილობრივი 52 წლის ოლეგ შუშანაშვილია, მეორე კი თიანეთში რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჩასული ლადო ოქრომჭედლიძე. სანადირო თოფით არის დაჭრილი ასევე ადგილობორივი 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც ღია ჭრილობებით და ძლიერი სისხლდენით თიანეთის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა.
მორიგე ქირურგის ალექსანდრე გორდელაძის თქმით, საავადმყოფოში მისულს ნასვამი პაციენტი დახვდა ძლიერი სისხლდენით.
„დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა დაჭრილიო. თავის ფეხით მოვიდა. წინასწარი დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ნუგზარ აბრამიშვილი მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრის და ლავიწის ძვლები. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, შევუხვიეთ, სისხლდენა შევაჩერეთ და მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადავიყვანეთ", - ამბობს ექიმი „კვირის პალიტრასთან".
მისივე თქმით, დაჭრილი „მხოლოდ იმას ამბობდა, - მტკივა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს რა შეემთხვა".
„კვირის პალიტრის" ინფორმაციით, დაჭრილი ნუგზარ აბრამიშვილი ამ დრომდე არაფერს ამბობს და ჩვენების მიცემისგან თავს იკავებს. სამართლადამცავებს არც მკვლელობის იარაღი უპოვიათ. გარდაცვლილ ოლეგ შუშანაშვილს მეზობლები დადებით და კეთილგანწყობილ ადამიანად ახასიათებენ, მათთვის უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო ამგვარი სასტიკი თავდასხმის მოტივი.
გარდაცვლილი ლადო ოქრომჭედლიძე კი რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ხარაგაულიდან თიანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ოლეგ შუშანაშვილის მეზობლად ცხოვრობდა. მისი მეუღლე თიანეთის საავადმყოფოს თანამშრომელია.