(რეზონანსი) თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „იმედი ნიუსის" ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. ერთ-ერთს თავში ესროლეს, მეორე, 32 წლის კაცს კი, ყელი გამოჭრეს. ამ ფაქტზე ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.
ასევე, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაიჭრა მამალაცი, რომელიც გვიან ღამით თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ექიმები, პაციენტის მოთხოვნით, კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჭრილი ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში თავად მივიდა. მისივე ცნობით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მოკლული თიანეთის საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ინციდენტში ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, სანადირო თოფი და ცივი იარაღი ფიგურირებს.
საქმეზე გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.