(რეზონანსი) თიანეთში სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობით.
„კვირას" ინფორმაციით, წუხელ ღამის საათებში, თიანეთის საავადმყოფოს მიმღებში 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილი თავის ფეხით მივიდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თიანეთში ცხოვრობს, მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ, რეანომობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.
თიანეთის კლინიკის მედპერსონალმა მთელი ღამის განმავლობაში ისე იმუშავა, რომ სამედიცინო დაწესებულების ეზოში 2 მამაკაცის ცხედრების შესახებ ინფორმაცია დილით შეიტყვეს.
გარდაცვლილებიდან, ერთ-ერთი მათგანი კლინიკის გინეკოლოგის მეუღლე ლადო ოქრომჭედლიძეა, ხოლო მეორე 57 წლის ოლეგ შუშანაშვილია.
როგორც „კვირას" ადგილობრივმა მოსახლემ უთხრა, ლადო ოქრომჭედლიძე პროფესიით იურისტი და წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან იყო. მისი მეუღლე გინეკოლოგია.
შარშან, 10 სექტემბერს ექიმ-გინეკოლოგი ლანა პავლაძე ჯანდაცვის სამინისტრომ „მთის განვითარების" პროექტის დახმარებით, თიანეთის სავადმყოფოში მიავლინა, სადაც მას 3 წლის განმავლობაში რეზიდენტად უნდა ემუშავა. გინეკოლოგმა ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება მიიღო და მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად თიანეთში გადასახლდა.
ოჯახმა სახლი საავადმყოფოსთან დაახლოებით 200 მეტრში, საცხოვრებელ კორპუსში იქირავა. მათთან ახლოს ცხოვრობდა, წუხელ გარდაცვლილი ოლეგ შუშანაშვილიც.
„კვირას" ინფორმაციით, თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მომხდარ დანაშაულში ცეცხსასროლი იარაღის გარდა, კიდევ ერთი იარაღი - დანა ფიგურირებს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.