(რეზონანსი) დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიაზე „პატრიოტთა ალიანსის" დატოვებას გეგმავს და ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.
„პატრიოტთა ალიანსს" საგაზაფხულო სესიაზე დავტოვებ. სესია 7 თებერვალს გაიხსნება და განცხადებას გავაკეთებ. მიზეზი არაფერი, დროებით ვიყავი შესული და ეს დრო გავიდა. რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ და ვთქვი, რომ საგაზაფხულო სესიაზე დავტოვებდი „პატრიოტებს". ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა პირობები და ამიტომ სხვებსაც ვაიძულებ, ჩემთან მიმართებაში პირობები დაიცვან", - განაცხადა ჭიჭინაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური ცხოვრება და შეხედულებები „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებისგან განსხვავდება. მისივე თქმით, ის პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს.
„დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ბრძოლა და მე ამ პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ. ვისთან ერთად, ცოტა ხანში მოგახსენებთ", - განაცხადა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ.