იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა სიას ირაკლი კობახიძე ლობირებს. ამიტომ აუცილებელია საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც, რათა საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თუ სადამდე მიდის სასამართლო სისტემით დაინტერესებულ პირთა სია.
„ირაკლი კობახიძე პირდაპირ საუბრობს ლევან მურუსიძის გზავნილებით. მურუსიძემ თქვა, რომ მდევნიან 2013 წლის შემდეგო, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა სასამართლოო და ზუსტად ამას იმეორებს ირაკლი კობახიძე, ანუ ის არის მხარე. დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. არც მანამდე ჰქონდა. მაგრამ სად უნდა გავჩერდეთ? ირაკლი კობახიძის და ამ უბიოგრაფიო გუნდის პასუხისმგებლობაზე, თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი… თუ უფრო ზევით უნდა წავიდეთ ? ამის გარკვევა კარგი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, თუ რამდენად უღირს თავისი პოლიტიკური კაპიტალი და არა მონების, შეალიოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს.
ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯებს დამოუკიდებლად რომ ვერ გადადგამს, ეს ცხადია. რა ტიპის ალიანსში არიან მოსამართლეებთან, ეს გასარკვევია, თუმცა ცხადია, რომ ირაკლი კობახიძე ლობირებს ამ გუნდს“ – განუცხადა "აიპიენს" დოლიძემ.