(რეზონანსი) ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი" დავით ჭიჭინაძემ დატოვა. როგორც „2020NEWS"-ს ჭიჭინაძემ განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსს" დიდ პატივს სცემს, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს და საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პერიოდი ელოდება.
ჭიჭინაძე ამ ეტაპზე თავს იკავებს პოლიტიკურ გეგმებზე დეტალურად საუბრისგან.
„გაზაფხულს დაველოდოთ და საგაზაფხულო სესიამდე ყველაფერს ღიად განვაცხადებ. პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ყველაფერი ღიად უნდა ხდებოდეს" - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, მისთვის ცნობილი არ არის, თუ ვინ გახდება ფრაქციის მექვსე წევრი.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვინ შეიძლება გახდეს ფრაქციის წევრი. სიურპრიზსაც არ ვაწყობ. თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს ეს პროცედურა. პირველ სხდომაზე გავაკეთებ განცხადებას და მერე კიდევ ვადა არის, რომ ფრაქციის არდაშლის გამო ვინმე შეუერთდეთ. ასე რომ საკმაოდ დიდი პერიოდია და პარლამენტში ისეთი სიტუაციაა, არ მგონია, „პატრიოტთა ალიანსს" გაუჭირდეს ვინმესთან შეთანხმების მიღწევა.
პირობა, რომელიც მე „პატრიოტთა ალიანსს" მივეცი, შევასრულე. დავპირდი, რომ ფრაქციაში საგაზაფხულო სესიამდე ვიქნებოდი და ვიყავი კიდეც. „პატრიოტთა ალიანსთან" ერთად არ მოვსულვარ პარლამენტში. უბრალოდ კოლეგიალურად დავუდექი გვერდში. მე მათ ბევრ რამეს ვიზიარებ და ბევრ რამეს არ ვიზიარებ. აქედან გამომდინარე ჩემმა განცხადებებმა შეიძლება, ისინი ჩააგდოს უხერხულ მდგომარეობაში, შეიძლება, მათმა განცხადებამ მე ჩამაყენოს უხერხულ მდგომარობაში. პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ აბსოლუტური თანხედრა მხოლოდ ერთ პარტიაში ხდება, სამწუხაროდ, ხომ ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში" არც ეგ არ ხდება და რომ არ ვიყო სხვას მიკედლებული, ჯობია, ჩემს გზას მე თვითონ მივხედო", - განაცხადა ჭიჭინაძემ.