(რეზონანსი) ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი.
„ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან"
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.