პოლიტიკურ კრიზისს მმართველ გუნდში შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი შეეწიროს. ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობის ნაცვლად, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავოს.
რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების ვეტერანი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ირკალი კობახიძის გადაყენება და პარლამენტის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშვნა ურჩიეს.
"კურიერის" წყაროს ცნობით, მათ საჭირო დრო მოძებნეს, რადგან იცოდნენ, რომ პარტიის ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეზე გაბრაზებულია, მიზეზი კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარ გამოცხადებულ მცდარ შედეგს უკავშირდება. მას საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარედ ეკა ბესელია შესთავაზეს.
ეკა ბესელიამ "კურიერს" დაუდასტურა, რომ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლების უვადოდ უზენაეს სასამართლოში გამწესების თემაზე ივანიშვილთან იმსჯელეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყველას აზრი მოისმინა, თუმცა, ამ შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ ამ კანდიდატურებს ეწინააღმდეგებოდა.
კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის ფრთამ მოსამართლეების დასამტკიცებლად საჭირო ხმების მისაღებად დაიწყო მუშაობა, ეკა ბესელიამ კი - მათ ჩასაგდებად.
ე.წ. ახალი თაობის დეპუტატებიდან თამარ ჩუგოშვილი ერთადერთია, რომელიც მოსამართლეების სიას ღიად უპირისპირდება და ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას "პრინციპულს" უწოდებს.