(რეზონანსი) დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გათავისუფლებული ანა სუბელიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა შეწყვიტა. სუბელიანის თქმით, სამინისტრომ მორიგება შესთავაზა და კომპენსაციის სახით 74 250 ლარის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.
სუბელიანი წერს, რომ ორი ვარიანტი ჰქონდა: ბრძოლის სტრასბურგში გაგრძელება ან იმაზე ნაკლებზე დათანხმება ვიდრე ეკუთვნოდა.
"იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე. თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა. მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი.
საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც. იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ", - წერს სუბელიანი.
სუბელიანის თქმით, დანაშაულისა და პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული მეორე თანამშრომელი თამაზ ახობაძე დავას ისევ აგრძელებს. ახობაძის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დღემდე სთავაზობს განაცდურის ანაზღაურებას, თუ სამსახურში აღდგენაზე უარს იტყვის, რაზეც ის არ თანხმდება და სტრასბურგში დავისათვის ემზადება.