2019 წლის პირველი იანვრიდან თამბაქო ძვირდება. ფასები მოიმატებს როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე იმპორტირებულზეც. ამის მიზეზი უფილტრო სიგარეტზე აქციზის 1,7 ლარამდე ზრდა, ფილტრიანზე კი ადვალური გადასახადის გასამმაგებაა. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე შევიდა.
ცნობისათვის, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზი უნდა გათანაბრებულიყო. (დღეს 20 ღერ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 1,7 ლარს შეადგენს, უფილტროზე კი 60 თეთრს) თუმცა მოგვიანებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ცვლილება ადგილობრივ წარმოებაზე ნეგატიურად აისახებოდა, პროექტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.
შედეგად - 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტზე აქციზი 1,7 ლარი გახდება. ადვალური გადასახადი კი ფილტრიან სიგარეტზე 30%-მდე გაიზრდება, უფილტროზე კი დღეს არსებული 10%-იანი ნორმა შენარჩუნდა. (ადვალური გადასახადი არის გადასახადის ისეთი სახეობა, რომელიც შემოსავლის ან ღირებულებისი მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს). ანუ საბოლოო ჯამში, 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით გაძვირდება, ფილტრიან სიგარეტზე ფასი კი 40-50 თეთრით მოიმატებს.